July 30, 2010, 5:39 am
GEO ENG RUS
 
კავკასია
 
December 30, 2009, 4:58 pm

2009 - დაძაბული მშვიდობის, პროტესტის, კრიზის, H1N1 –ისა და მთლიანობაში „გადატვირთვის“ წელი!



თბილისი, 30 დეკემბერი (პრაიმ-ნიუსი) - მიუხედავად იმისა, რომ 2008-სგან განსხვავებით, 2009-ში ქართული და რუსულ-ოსური ქვემეხები დუმდნენ, საქართველოში წელს მაინც „დაძაბული მშვიდობა“ იდგა.

„დენთის სუნი“ ქვეყანაში აღარ, თუმცა გორში წელს მაინც დატრიალდა. რუსულის ნაცვლად, წელს მას „ჰოლივუდური არომატი“ დაჰკრავდა. ერთი წლის თავზე, ომის ტრაგიკული მოვლენები ჰოლივუდმა გააცოცხლა. 2008 წლის „წითელი აგვისტო“ კინოფირზე აღიბეჭდა.

2009 შეიძლება ითქვას, 2008-ის გაგრძელება იყო. ომგამოვლილი ქართველები 2009-ის ზაფხულსაც “რაღაცის” თუ „ვიღაცის“ მოლოდინში იყვნენ. თუმცა, ის „ვიღაც“ წელს საბედნიეროდ აღარ გამოჩნდა. ქართველებთან ერთად, დენთის სუნსშარშანდელის მსგავსად ევროპელებიც გრძნობდნენ. როგორც ჩემი კოლეგა გაზეთ  The Telegraph  –დან წერდა, რუსეთს აგვისტოში დაწყებული საქმე ჯერ არ დაუმთავრებია. ახალი აგვისტოს ომის შიში კავკასიაში გერმანულმა Der Standart- მაც დაინახა.

საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე ევროპელი ჟურნალისტები წინასწარ ალაპარაკდნენ. გაკეთდა წინასწარი არასასურველი შეფასებებიც: „რუსეთი ომის ბილიკზე ბრუნდება“(The Wall StreeT Journal), „საქართველოში ჯარისკაცების ჩექმის ხმა ისმის“ (Le Figaro), „კავკასიაში ომი მობრძანდება? აგრესორი ცხადია, მოსკოვია“ (Nation Presse.info), „აღმოსავლეთ ევროპის შფოთიანი ზაფხული“ (The Waal Street Journal). ყველაზე რეალისტური მაინც FINANCIAL TIMES და AFP (Agency France Presse) აღმოჩნდა. „დაძაბული მშვიდობა“ და „სასაზღვრო ზონა შიშითაა მოცული“. ეს ჩემი უცხოელი კოლეგების შეფასებაა 2009 წელზე.

საშიშიროების პიკი წელსაც აგვისტო იყო, მაგრამ „ომი-2“ საბედნიეროდ არ შედგა. თუმცა, ორ მეზობელ ქვეყანას შორის 2009 წელი საინფორმაციო-ცივი ომის ელფერით გაგრძელდა. ომის წლისთავზე კი ტრაგიკული მოვლენებისა და ქვეყნისთვის გმირულად დაღუპულთა სულების პატივსაცემად საქართველო წუთიერად შეჩერდა.

2009 ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე რთული წელი იყო. ასეთია ქვეყნის პირველი პირის შეფასება.

„ჩვენ გადავიტანეთ ომი და ომის შემდგომი ოკუპაცია, უმძიმესი მსოფლიო ფინანსური კრიზისის და მრავალთვიანი შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია. მხოლოდ ერთი რომელიმე ეს ფაქტორი საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომ არსებობა დაემთავრებინდა. ჩვენ გავუძელით ერთსაც, მეორესაც და მესამესაც,“- აცხადებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

იმის გასარკვევად, თუ ვინ იყო ამ ხანმოკლე 5 დღიანი ომში მტყუან-მართალი, ან ვინ დამნაშავე და უდანაშაულო, გერმანელი დიპლომატ5ის ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნა. რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ კომისიამ ხანგრძლივი მუშაობა და გამოძიება აწარმოა. თუმცა, პარადოქსია, და დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ტალიავინის კომისიის მიერ დადებული დოკუმენტით კმაყოფილი დარჩა როგორც როგორც საქართველო, ისე რუსეთი. „ევროპული დიპლომატიის“ ზედმეტად გაწონასწორებულობისა და თავაზიანობის წყაკლობით, ჯერ კიდევ გაურკვეველი დარჩა, ვინ დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს ომი და კიდევ ბევრი სხვა სადაო საკითხი. შესაძლოა ითქვას, რომ ტალიავინის დასკვნა ყველამ სათავისოდ წაიკითხა.

ამ ყველაფერთან ერთად, რუსეთმა გაეროს მისიის მანდატს საქართველოში ვეტო დაადო. ამის შემდეგ კი, სამშვიდობო მისიის ვალდებულებები მთლიანად ვერა, მაგრამ წელს ევროკავშირმა მაინც აიღო. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი, წინა წლის მსგავსად, ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა.

საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებული რუსი სამხედროები წელსაც თარეშობდნენ. თუმცა, იმიჯშერყეულ რუსულ არმიას და სხვის სახლში ქურდულად წანწალში ყბა თუ პირდაღებულ რუსულ ჩექმას თვითონ რუსმა სამხედროებმაც ვერ გაუძლეს. საოკუპაციო ჯარები გაუსაძლისი პირობების მიზეზით, წელს სამმა რუსმა ოფიცერმა დატოვა. მათ საქართველოს თავშესაფარი და მოქალაქეობა სთხოვეს. მათგან პირველი, ვინც საკუთარი ქვეყნის შეიარაღებული ძალები დატოვა, რუსეთის არმიის უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე გლუხოვი იყო. მოგვიანებით მას რიგითმა დიმიტრი არტემიევმაც მიბაძა. სულ ახლახანს კი იმ ყვეყანას, რომელსაც 1 წლის წინ პირადად ეომებოდნენ, თავშესაფარი მიჩინმა ვიტალი ხრიპუნმა სთხოვა.

უნდა ითქვას ისიც, რომ წელს შეიარაღებული ძალები დატოვა და რუსეთს თავშესაფარი სთხოვა საქართველოს მოქალაქემაც. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კატარღის შტურმანი, 35 წლის ლეიტენანტი ალიკ ბჟანია მიმდინარე წლის ივნისში რუსეთში გადავიდა. მაშინ მან საქართველოს ხელისუფლების კურსი გააკრიტიკა.

5 მაისს საქართველოში ყველაზე გახმაურებული სამხედრო ინცინდენტი მოხდა. მუხროვანის ამბოხით ცნობილი მოვლენა სპეცოპერაციით დასრულდა. ხელისუფლებამ ბატალიონის მეთაურებს და სამხედრო პოლიციის საბრძოლო დანაყოფის ოფიცრებს სამხედრო აჯანყების მცდელობაში დასდო ბრალი. სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული მოქმედი და ყოფილი სამხედრო პირი დააკავეს. ნაწილმა დანაშაული აღიარა, ნაწილი კატეგორიულად უარყოფს სამხედრო ამბოხში მონაწილეობას. ბრალდებებს შორისაა კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად შეთქმულება ან ამბოხი, სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დამოურჩილებლობა, დანაშაულის დაფარვა, დანაშაულის შეუტყობინებლობა, ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვა, შეძენა, დამზადება ან გადაგზავნა ფიგურირებს. 

მიმდინარე წლის ნოემბერში ავღანეთში გაემგზავრა სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული 173 სამხედროს შემადგენლობით. ამით ავღანეთში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მისია დაიწყო. მისიას 2010 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი ქართული 750-კაციანი ბატალიონი შეუერთდება.

წლის მიწურულს კი თანამდებობიდან მრავალი სამხედრო პირი გათავისუფლდა. თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული ტესტირების შედეგად, 14 დეკემბრის ბრძანებით 180 ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლიდან რამდენიმე სამხედრო წოდება გაუქმდება. ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია.
იდეის ავტორი თავდაცვის სამინისტროა. ინიციატივა მიზნად ისახავს ნატო–ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წოდებრივ კლასიფიკაციასთან მიახლოებას.

2009 წელი საქართველოში ეკონომიკური კრიზისის, უპრეცენდენტოდ ხანგრძლივი და მასშტაბური ოპოზიციური პროტესტის, საკნებისა და არშემდგარი ერთობების, H1N1 –ე.წ. ღორის გრიპის, ხმაურიანი და უჩვეულო მოვლენების თანხლებით ჩატარდა.

12 ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქციები 100-ზე მეტი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა იყო. თვეების განმავლობაში საკნებით იყო გადაკეტილი ცენტრალური ქუჩები. ბლოკირებული იყო პარლამენტის, ტელევიზიის შენობები და პრეზიდენტის სასახლე. ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს „სირცხვილის კორიდორები“ მოუწყვეს. 9 აპრილს დაწყებულ;ი საპროტესტო აქციები ზაფხულში დასრულდა. მას წინ უძღვოდა მოსახლეობის შელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანაში სამხედრო აღლუმი არ ჩატარდა. ოპოზიციამ ამ დღეს ეროვნულ სტადიონზე მასშტაბური სამოქალაქო აღლუმი ჩაატარა, რომელიც მოგვიანებით, სამების საკათედრო ტაძარში მისვლით დასრულდა. ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, ოპოზიციის მოთხოვნა, ისევე როგორც ერთობა, ვერ შედგა. შესაძლოა ითქვას, რომ დაახლოებით 3 თვიანი პროტესტი, აქციები და საკნებში ღამეების თევა უშედეგოდ დასრულდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გავლენიან გამოცემა The New-iork Times –სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა – “ოპოზიციაში რომ ვყოფილიყავი, ამ მთავრობას 3 თვეში დავანგრევდი, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის ფონზე”. კითხვაზე, თუ როგორ მოახერხებდა ამას, სააკაშვილმა უპასუხა: „ვიცი როგორ, მაგრამ არ მინდა ოპოზიციას ვასწავლო!“


მიმდინარე წლის ზაფხულში შეიქმნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანება- „ალიანსი საქართველოსთვის“. მასში ირაკლი ალასანიას გუნდი ახლად შექმნილი პარტიით „ჩვენი საქართველო –თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელები და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდნენ. ალიანსის ლიდერად კი გაერიში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია დასახელდა.

2009 წელში სამთავრობო ცვლილებების მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა. წლის დასაწყისში მთავრობის კანცელარის უფროსის პოსტი კახა ბენდუქიძემ დატოვა. მინისტრის პორტფელის დატოვება მოუხდა ეკონომიკის მინისტრ ლაშა ჟვანიასაც. მის ადგილზე ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნა. კახა ბაინდურაშვილმა კი წელს ფინანსთა სამინისტრო ჩაიბარა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია 2009 წელს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. სულ ახლახანს კი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა. გვარამია კი პოლიტიკას ჩამოშორდა. განათლების უკვე ექს-მინისტრი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წავიდა. სასჯელაღსრულების „მკაცრი“ უწყება ახალგაზრდა ხათუნა კალმახელიძემ ჩაიბარა. სამთავრობო კაბინეტს ჩამოშორდა ყველაზე უხუცესი მონისტრი იულონ გაგოშიძეც. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ნაც.მოძრაობის წევრი და უკვე ყოფილი პარლამენტის დეპუტატი პაპუნა დავითაია დაინიშნა. დავითაია მუსიკალური პროექტის „პატრინოტის“ ორგანიზატორი და გახმაურებული ჰოლივუდური ბლოკბასტერი „GEORGIA“ – ს ერთ-ერთი პროდიუსერია. ახლახანს პოსტის დატოვება მოუხდა იმერეთის გუბერნატორ მიხეილ ჩოგოვაძესაც. თანამდებობიდან ის პრეზიდენტმა გადააყენა.

2009 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა. თანამშრომლობის ქარტიას ხელი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველსო საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს. 6 გვერდიანი დოლუმენტის მთავარი პუნქტების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს დაფუძნდება.

2009 წელს საქართველომ დსთ საბოლოოდ დატოვა. საქართველოს საგარეო უწყებამ ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტში თანამეგობრობის დატოვების შესახებ განცხადება 2008 წლის 18 აგვისტოს შეიტანა, თუმცა პროცესი 1 წელი გაგრძელდა. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ყოფილი სავბჭოთა ქვეყნების თანამეგობრობა დატოვა, თუმცა ის მაინც რჩება 75 ხელშეკრულების მონაწილედ.

ამავე წელს საქართველოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ეწვია. “მიზეზი, თუ რატომ მთხოვა ობამამ საქართველოში ჩამოსვლა იმაში მდგომარეობს, რომ გამეკეთებინა გზავნილი ყველასთვის – ამერიკა თქვენს გვერდით იქნება,” – განაცხადა ბაიდენმა პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას. ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვში შტატაბის პრეზიდენტი ჩავიდა. ობამა-მედვედევი “ურთიერთობების გადატვირთვაზე” შეთანხმდნენ.

2009 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

სულ ახლახანს, 12 დეკემბერს საქართველოსთან აჯანყებულ რეგიონში, - აფხაზეთში არაღიარებული “საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდა. თვითმარქვია ლიდერის ჩინი დე-ფაქტო ცესკოს მონაცემებით, კვლავ სერგეი ბაღაფშს ერგო. აფხაზეთის დამოუკიდებლობა კიდევ ერთმა ქვეყანამ ცნო. თუმცა, დედამიწაზე ჯუჯა სახელმწიფო-ნაურუს არსებობა, პლანეტის უმრავლესობამ სწორედ ამ ფსევდო-აღიარებით გაიგო.

ჩვეულ პოლიტიკურ ინტრიგებს წელს არც ბაღაფშის კოლეგამ, არშემდგარმა ლიდერმა-ედუარდ კოკოითიმ უღალატა. აჯანყებული რეგიონის რეჟიმმა მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ოთხი ქართველი მოზარდი გაიტაცა. ტირძნისელი ბავშვები სეპარატისტებმა ტყვეობაში და იზოლატორის პირობებში თიტქმის 2 თვეს ამყოფეს. ბრალი მათ ე.წ. საზღვრის გადაკვეთასა და ასაფეთებელი ნივთიერებების შენახვაში დასდეს. ქართველი მოზარდები ტყვეობისგან ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა თომას ჰამარბერგმა იხსნა.

ბაღაფში-კოკოითის ტანდემს წელს არც “სამთა კავშირის” მთავარი ფიგურა –დიმიტრი მედვედევი ჩამორჩა. კრემლმა მსოფლიო 2008 წელს თუ საქართველოში ჯარის გამოგზავნით შოკში ჩააგდო (The Telegraph) , წელს მან მოულოდნელად სკანდალური განცხადებით თვით საქართველო დაშოკა. დაახლოებითერთი თვის წინ, ”რია ნოვოსტის” მიერ ორგანიზებულ ევროპისა და აზიის მედიასაშუალებების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ის არ გამორიცხავს საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენას.

“აუცილებლად  უნდა შევინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება იმ საქმისადმი, რაც ქართველ და რუს ხალხს შორის ადრე განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს 2008 წლის აგვსიტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება, ვთვლი, რომ ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და განსაკუთრებული ისტორია აკავშორებთ”, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.


კონკრეტულად რა იგულისხმევა მედვედევის ამ ფრაზაში, ალბათ მაინც იდუმალებით მოცული და გაურკვეველია. თუმცა, როგორც ფრანგული Le Figaro – ს ჟურნალისტი იტყოდა, - კრემლი ალბათ კარგად დაფიქრდება, ვიდრე ახალ თავგადასავალს წამოიწყებს.

საქართველოს გარდა, ზეწოლას ყველაფერთან ერთად მედვედევი ჩემს რუს კოლეგებზეც რომ ახდენს, ამაზე მედიის თავისუფლების ხარისხის რეიტინგიც მეტყველებს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებგარეშე” (Reporters sans Frontieres) მონაცემებით, საქართველო 175 ქვეყანას შორის 81-ე ადგილს იკავებს. ეს ინდექსი არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მედიის თავისუფლების ხარისხის მაჩვენებლით ჩვენ უკრაინას, სომხეთს და აზერბაიჯანს ვუსწრებთ. რომ აღარაფერი ვთქვათ ოკუპირებულ რუსულ მედიაზე.

ცვლილებებს წელს არც ქართულმა მედიამ აუქცია მხარი. ზაფხულთი თანამდებობა 1 არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა დატოვა. გადადგომის შესახებ კომენტარი მან დღემდე არ გააკეთა. სექტემბრიდან ტელევიზია დატოვა ცნობილმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამაც, რომელსაც 1 არხზე პოლიტიკური თოქ-შოუ “პოლიტიკური კვირა” მიჰყავდა. პოპულარულ ჟურნალისტს გადაცემა 2009 წელს უკვე მეხუთედ დაუხურეს. შესაბამისად, გადაცემა რომლის სლოგანიც იყო „ვსაუბრობთ ყველა დეტალზე და ვსვამთ ყველა შეკითხვას“, 1 არხის ეთერში აღარ გადის. კონტრაქტი, რომელიც ცნობილ ჟურნალისტს „1 არხის“ ახალმა ხელმძღვანელობამ შესთავაზა მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 3 თვიან კონტრაქტს, რომელიც მას ტელევიზიის ხელმძღვანელობამ შესთავაზა, გრიგოლიამ მომავალი გეგმების განხორციელება არჩია. ტელევიზიიდან წასვლის მიზეზად ჟურნალისტმა არხის საინფორმაციო პოლიტიკასთან შეუთავსებლობაც დაასახელა.

“პირველი არხის პოლიტიკას და სტანდარტებს მაშინ არ ვეთანხმებოდი, როცა გარე სტუდიიდან ვაკეთებდი გადაცემას, ახლა მითუმეტეს ვერ წარმომიდგენია ამ რგოლში როგორ უნდა მოვექცე. ჟურნალისტიკიდან არ მივდივარ. მე მალე დავბრუნდები,“- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ცვლილებები წელს ტელე-იმედშიც მოხდა. სკანდალური იმიჯის მქონე შოუმენი შალვა რამიშვილი ციხიდან გამოსილიც არ იყო, რომ თავი იმედში ამოყო. რამიშვილმა, რომელსაც სამართალდამცავები წინა წლების განმავლობაში აქტიურად უტარდებდნენ დაკითხვას, ამჟამად გადაცემა “სიმართლის დროში” არაერთი ცნობილი სახე დაკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, შპომენის თანამდებობა სწორედ მის მიერ დასმულ შეკითხვებს შეეწირა. სიახლეს წარმოადგენს იმედისთვის მედია-ჰოლდინგის ახალი ხელმძრვანელიც. გიორგი არველაძე რომელიც ამ დრომდე პოლიტიკურ და სამთავრობო სფეროში მოღვაწეობდა, ამჟამად ტელე და რადიო იმედს განაგებს. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა კი პოსტი დატოვა. ის ახლა იმედის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძვანელობს. იმედის სახე და გადაცემა “ქრონიკის” წამყვანი მანანა მანჯგალაძე კი უახლოეს წარსულში პრეზიდენტის პრეს-სპიკერად დაინიშნა. მიხეილ სააკაშვილის ყველა გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ახლა მანანა მანჯგალაძე ამცნობს.

“პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო ომი” – ასე შეფასდა მოვლენა, რომელიც კათალიკოს-პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეო-კლიპების გავრცელებას უკავშირდება. “თავისუფლების ინსტიტუტეს” წევრმა თეა თუთბერიძემ Faceboock –ის მეშვეობით პატრიარქის შეურაცხმყოფელი რგოლები გაავრცელა და ილია მეორეს ბრალდებების თუ შეკითხვების მთელი რიგი კასკადი წაუყენა. თუთბერიძე ნამდვილად გახდა წლის სკანდალური პერსონა და შოკის მომგვრელი განცხადებებით სასიამოვნო, ვერა, თუმცა საზოგადოების ყურადღება მაინც მიიქცია.

ამ წელს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი. პატრიარქმა მრევლს ტრაქტატზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

26 აპრილს სანდრო ეულის ქუცაზე რუსთავი-2 –ის კუთვნილი შენობა ცამოინგრა, რომელშიც მუსიკალური პროექტი “ვარსკვლავების აცადემია” მიმდინარეობდა. ნგრევას ტელეკომპანიის 2 თანამშრომელი ემსხვერპლა.

მიმდინარე წელს გარდაიცვალნენ ქართული კინოს ლეგენდები, ულამაზესი მსახიობები და სახალხო არტისტები - მედეა ჩახავა და დოდო ჭიჭინაძე.

12 დეკემბერს ქუთასში “დიდების მემორიალი” ააფეთქეს. აქეთქებას 2 ადამიანი შეეწირა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. მომხდარის გამო პრეზიდენტმა იმერეთის გუბერნატორი გადააყენა. მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი მონუმენტის აფეთქების ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე რუსეთშიც. რუსეთის პირველი პირების გადაწყვეტილებით, “დიდების მემორიალს” ზურაბ წერეთელის ავტორობით მოსკოვში აღმართავენ. გერმანული გამოცემა Zuddeutsche Zeitung – ის განმარტებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ “სადაო მონუმენტის აფეთქების უკან პოლიტიკური მოტივე იდგა”.

“ომის მემორიალი რომელიც ქუთაისში იდგა, საბჭოთა არმიის სადიდებელი მონუმენტი იყო, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა,- მისი ადგილი კი ქვეყანაში არ არის,”- წერს გერმანული გამოცემა.
მონუმენტის აფეთქება პარლამენტის შენობის მშენებლობას უკავშირდება. მომავალი წლიდან საკანონმდებლო ორგანო ნაწილობრივ იმერეთში გადავა. ის სწორე დიმ ადგილზე აშენდება, სადაც გრანდიოზული “დიდების მემორიალი” იდგა. პარლამენტის ქუთასში გადატანამ როგორც საზოგადოების, ისე დეპუტატების ნაწილისა და ჟურნალისტების დაბნევა გამოიწვია. ცნობილია, რომ პლენარული სხდომები ქუთაისში, საკომიტეტო მოსმენები კი თბილისში გაიმართება.

თითქმის ორის საუკუნის შემდეგ, საქართველოში წელს ნამდვილი სამეფო ქორწილი შედგა. დავიტ ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი პირადად კათალიკოს-პატრიარქმა დასწერა. ეს დღე საზოგადოებამ განსაკუთრებულ დღესასწაულად მიიღო და გაჩნდა მომავალი სამეფო ტახტის მემკვიდრისა და მონარქიის აღდგენის იდეა. თუმცა, სამეფო ქორწინება სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა.

2009 წელს მსოფლიოსთან ერთად H1N1 –მა, იგივე- “ღორის გრიპმა” საქართველოსაც შეუტია. საშიშ ვირუსს, ოფიციალური მონაცემებით 10 ადამიანი ემსხვერპლა, 1100-მდე კი ინფიცირებულია. ვირუსი 200 ქვეყანაში მძვინვარებს. ოფიციალური მონაცემებით H1N1 - ს ნახევარი მილიონი ადამიანი უკვე შეეწირა. ე.წ. „ღორის გრიპით“ მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. შტატებში 600 ბავშვი ვირუსის გამო გარდაიცვალა. პლანეტა პანდემიურ H1N1 –ს ებრძვის, თუმცა გარდაცვლილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. საქართველოში შესაბამის უწყებები განამრტავენ, რომ ვითარება არცთუ საგანგაშოა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, რომ H1N1 “თვითგანკურნებადია” და ჩვეულებრივი გრიპისგან არ განსხვავდება. ამასთან, როგორც გაირკვა, საქართველოში გრიპით ინფიცირების ყველა შემთხვევა უკვე ე.წ. ღორის გრიპია. H1N1 –მა ქვეყანასი ჩვეულებრივი, სეზონური გრიპი ჩაანაცვლა.

H1N1 ვირუსი პირველად აშშ-ში 2009 წლის აპრილში დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ისევე ხდება, როგორც სეზონური გრიპის ვირუსის. მიუხედავად სახელწოდებისა, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამჟამად ღორები არიან ინფიცირებული ამ ვირუსით.

 H1N1 ვირუსთან ერთად, საქართველოში წელს მენინგიტისა და მენინგოკოქცემიის მაღალი ციფრიც დაფიქსირდა. წელს მენინგოკოქცემიის 30 შემთხვევა დაფიქსირდა. მენინგიტის ყველანაირი ფორმის გამოვლენის ციფრი კი 120-ს შეადგენს. მედიკოსების განმარტებით, მენინგიტის ფორმები ძირითადად ბავშვებში გამოვლინდა.

საქართველოში წელს ახალი საშიში ვირუსიც დაფიქსირდა. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება 31 წლის მამაკაცს გამოუვლინდა. საშიში ცხელებით ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ის მკურნალობას დაექვემდებარა. ახალი ვირუსით  მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში დაინფიცირდა. პაციენტის მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვის სამინისტრომ სრულად დაფარა. ყირიმ-კონგოს საშიში ცხელება მღრღნელებისა და ტკიპებისგან ვრცელდება. მისი გადადების შემთხვევაში პაციენტების სიკვდილიანობა 60 პროცენტია. საქართველოში ახალი ვირუსის გამოვლენის ეს პირველი შემთხვევა იყო. დაავადება დღემდე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ძირითადად, რუსეთს, ყირიმსა და კონგოს მოიცავს. დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში დაფიქსირდა. ვირუსისა და საშიში ცხელების შემთხვევების გააქტიურებას სპეციალისტები საქართველოში სწორედ ამ ეტაპზე პროგნოზირებენ.

მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა წელს კულტურის სფეროშიც. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ჰოლივუდმა მხატვრული ფილმი გადაიღო. გადაღებები საქართველოში განხორციელდა და ჯგუფს ქართული არმია, სამთავრობო შენობები, მათ შორის პარლამენტი და პრეზიდენტის სასახლეც დაეთმო. ფინური წარმოშობის რეჟისორ რენი ჰარლინის ფილმი, რომლის პირობითი სახელი ჯერ-ჯერობით არის “GEORGIA”, ამერიკელი ოპერატორისა და ქართველი ქალის სიყვარულის ისტორიაზეა აგებული. სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირები საომარი მოქმედებების ცენტრში აღმოჩნდებიან და იბრძვიან, რათა მიუკერძოებელი პოზიცია შეინარჩუნონ.

შთამბეჭდავი აღმოჩნდა ფილმში დაკავებული მსახიობების ვინაობაც. ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰოლივუდის მსახიობ ენდი გარსიას მოჰყვა. ფილმში ის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ასახიერებს. ჰოლივუდის ბლოკბასტერში მონაწილეობს ცნობილი “ბეტმენი” ველ კილმერიც. ფილმის ბიუჯეტს მისი შემქმნელები არ ასახელებენ, თუმცა როგორც ბრიტანული გამოცემა The Independent  წერს, სურათი 32 მილიონი დოლარი (19 მილიონი ევრო) დაჯდა. ფილმის პრემიერა 2010 წელს გაიმართება.

აღსანიშნია კიდევ ერთი ქართული სურათი –“გაღმა ნაპირიც”. ფილმმა 15-მდე საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო მიიღო. ქართული ფილმი დაჯილდოვდა ბერლინის კინოფესტივალ “ბერლინალეზეც”.

სულ ახლახანს კი, ქართული კინო ევროპის წამყვან ფესტივალზე მოხვდა.
ფილმი “ქუჩის დღეები” როტერდამის საერთაშორისო ფესტივალზე 2010 წლის იანვარში წარსდგება. სურათის რეჟისორი ლევან კოღუაშვილია. სურათი ახალგაზრდა ნარკომანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დილემის წინაშე აღმოჩნდება.

კარგი თუ ცუდი, წარმატებული თუ წარუმატებელი, ასეთი იყო 2009. აქციზურ მარკაზე მას ვადა უკვე გაუვიდა. ახლა მას ისიც ეყოფა, რომ მოგონებებისა თუ არქივის მტვერდადებულ თაროზე შმოვდებთ.

ისღა დაგვრჩენია, 2010 –ის სიახლეებს დაველოდოთ. რას გვიმზადებს ახალი, არავინ იცის. მაგრამ აშკარაა, რომ წინ პოლიტიკურად ცხელი წელი და ვნებათაღელვები გველის. 2010-ის ამბებსა და ავ-კარგის შესახებ, ჩვენ ისევ ყოველდღიურად მოგიყვებით....


                      ბედნიერ წელს გისურვებთ!
                         Happy New-s Year!
                        
ლექსო ბექაური
“პრაიმ-ნიუსი”
2009-2010 –ის მიჯნა!




5 / 5 (1 Votes)
ამინდი ვალუტა
 
ეკონომიკა
•  სურამის 1820 აბონენტი ხვალიდან ბუნებრივ აირს მიიღებს
•  მრგვალი მაგიდა “გერმანია-საქართველოს ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობა” დღეს გაიმართა
•  საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
•  კახეთში ორი ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნება
•  თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ტრეინინგს ატარებს
•  ტექნიკურ უნივერსიტეტში USAID-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
•  “რომპეტროლ საქართველო” 2009 წლის რჩეული ბრენდი ნავთობკომპანიაა
•  ზურაბ პოლოლიკაშვილი ბაჰრეინის სამეფოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა
•  საქართველოს ტბებზე თევზჭერის ლიცენზია 20 წლის ვადით გაიცემა
•  2009 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება
•  9 მარტს 2009 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
•  სებ-სა უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
 
 
აქტუალური თემა
CNN: ქუმარიტაშვილის ოჯახი ოლიმპიადის ჩინოვნიკების მაქინაციებს ბოლომდე ვერ გააცნობიერებს

თბილისი. 3 მარტი (პრაიმ-ნიუსი) – “ეს ოლიმპიური თამაშების ისტორიაში შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გამხდარიყო. მაგრამ ეს ვერ მოხდა –...

500 მილიონ ევროდ ნაყიდი “სანდო პარტნიორობა”

თბილისი. 2 მარტი (პრაიმ-ნიუსი) - “მისტრალმა” რუსეთი საფრანგეთისთვის სანდო პარტნიორი გახადა.

25 თებერვალი რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაციის დღეა

თბილისი. 25 თებერვალი (პრაიმ-ნიუსი) - საქართველოს ოკუპაციიდან 89 წელი შესრულდა. 25 თებერვალი რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაციის დღეა.

საქართველოში გრიპით დაავადების ყველა შემთხვევა უკვე ე.წ. “ღორის გრიპია”

თბილისი. 4 დეკემბერი (პრაიმ-ნიუსი) – საქართველოში გრიპით დაავადების ყველა შემთხვევა უკვე ე.წ. “ღორის გრიპია”. H1N1 –მა ქვეყანაში სეზონური გრიპის...

 
Mar 2010
SuMoTuWeThFrSa
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
 
                                                       
 
    

Copyright © 1997-2007 Prime News Agency, All rights reserved

News and other data on this web site are provided for information purposes only, and are not intended for republication or redistribution. Republication or redistribution of Prime News content, including by framing or similar means, is expressly prohibited without the prior written consent of Prime News.

Rambler's Top100