July 30, 2010, 5:30 am
GEO ENG RUS
 
კავკასია
 
March 2, 2010, 5:09 pm

500 მილიონ ევროდ ნაყიდი “სანდო პარტნიორობა”



თბილისი. 2 მარტი (პრაიმ-ნიუსი) - “მისტრალმა” რუსეთი საფრანგეთისთვის სანდო პარტნიორი გახადა.

მასშტაბური სამხედრო ხომალდის საკითხთან დაკავშირებით, სულ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ “საჭიროა რუსეთს სანდო პარტნიორივით მოვექცეთ”.

“სანდო პარტნიორობა” რომ შედგა, ამას ისიც მოწმობს, რომ მოსკოვმა და პარიზმა ოთხი ერთეული ვერტმფრენმზიდის, “მისტრალის” თაობაზე ექსკლუზიური მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან პარიზში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“დღევანდელი დღიდან იწარმოებს ექსკლუზიური მოლაპარაკებები – ოთხი ვერტმფრენმზიდის თაობაზე. ჩვენ “მისტრალს” რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გარეშე შევქმნით”, - აღნიშნა სარკოზიმ.
 
საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთისთვის “მისტრალის” მიყიდვა სახელმწიფოებს შორის ნდობით არის განპირობებული.

“როგორ შეიძლება, რუსეთს ვუთხრათ, რომ მშვიდობის დასაცავად, მსოფლიოში კრიტიკული სიტუაციების მოსაგვარებლად  მისი მხარდაჭერა გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს არ ვენდობით”, - განაცხადა სარკოზიმ.
 
“მისტრალის” თაობაზე განცხადება პარიზში დიმიტრი მედვედევმაც გააკეთა. მისი შეფასებით, “მისტრალის” საკითხმა ფართო რეზონანსი  და აზრთა სხვადსხვაობა გამოწივია.

“ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის სიმბოლოა, მეორე მხრივ კი -  შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, მიიღოს ობიექტები, რომლებიც დღეს არ გვაქვს და, რომელთა შექმნაც სხვა ქვეყნებთან კოოპერაციით გვსურს”, - განაცხადა მევედევმა.

რუსეთის პირველი პირი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა კი შესაძლო გარიგება პარიზში თავისი ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს განიხილა.

„ჩვენ მყიდველები ვართ, თქვენ გამყიდველები“ – უთხრა მან მასპინძლებს – ”ვისგანაც არ უნდა ვიყიდოთ ის, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ის იქ და იმ დროს გამოვიყენოთ, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ“.

რუსი გენერლების განცხადებით კი, ასეთი საბრძოლო გემები 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან კონფლიქტის დროს რომ ჰქონოდათ, ისინი ქართულ სანაპიროებამდე მისვლას ნაცვლად 26 საათისა 40 წუთში შესძლებდნენ, რაც ქვეყნის ფლოტს დასჭირდა მას შემდეგ, რაც თავისი ბაზა უკრაინაში, ყირიმის პორტ სევასტოპოლში დატოვა.

საკითხს გუშინ საქართველოს დიპლომატიური უწყებაც გამოეხმაურა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განმარტა, რომ სადესანტო ვერტმფრენმზიდის ,,მისტრალის” გაყიდვა ოფიციალურად არ დასტურდება.

ოფიციალური თბილისი ასევე იმედოვნებს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება გაითვალისწინებს ყველა იმ მოსალოდნელ საფრთხეს, რაც რუსეთმა ვერტმფრენმზიდის შეძენის შემთხვევაში შესაძლოა საქართველოს შეუქმნას და აქედან გამომდინარე, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

საკითხს რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონიდან გამოეხმაურა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ  “მისტრალის” შავ ზღვაში გამოჩენა ახალ კონფლიქტებს გამოიწვევს

სააკაშვილის შეფასებით, დიდია იმის საფრთხე, რომ შავ ზღვაში ერთმანეთს `მისტრალი` და ნატოს ძირითადი ძალები პირდაპირ დაუპირისპირდნენ. ქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს საფრანგეთს, არ მიყიდოს რუსეთს ვერტმფრენმზიდი `მისტრალი”. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თავისი ქმედებებით, ოფიციალური პარიზი საფრთხეს უქმნის კავკასიის რეგიონის სტაბილურობას.

პრეზიდენტის თქმით, ზემოხსენებული გარიგება ძალიან უცნაური და ძალიან სარისკოა.

პრეზიდენტის განცხადებით, ფრანგული გემი კრემლს საშუალებას აძლევს აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში რამდენიმე საათში შეიჭრას. მიხეილ სააკაშვილი თავის ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრას და ზემოხსენებულ გარიგებაზე ზემოქმედებას გეგმავს.

საფრანგეთის მიერ “მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ბრიტანულმა ტელე-არხმა გაახმაურა. BBC- ის ინფორმაციით, საფრანგეთმა ხომალდი მისტრალი რუსეთს 500 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

საკითხს გავლენიანი უცხოური გამოცემებიც გამოეხმაურნენ და მომხდარის გამო საფრანგეთის პრეზიდენტი გააკრიტიკეს.

“სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ რუსებმა სარკოზი არაფრად ჩააგდეს, როდესაც უარი სთქვეს საფრანგეთის შუამავლობით პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე საქართველოსთან. შემდეგ, შარშან შემოდგომაზე რუსეთმა სამხედრო სწავლებები გამართა, რომლის დროსაც პოლონეთზე ბირთვული თავდასხმის იმიტაცია გაითამაშა. ნატო-ს არც ეს გაუპროტესტებია. ასევე შარშან რუსეთმა საკუთარ კანონებში ცვლილებები შეიტანა და რუსეთის პრეზიდენტს დამატებით მიანიჭა უფლება გამოიყენოს რუსული არმია უცხოეთში პარლამენტის წინასწარი თანხმობის გარეშე და ბოლოს, ორი კვირის წინ პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა ახალ სამხედრო დოქტრინას, რომელშიც ნატო-ს ბლოკი საფრთხედაა მოხსენიებული, დოკუმენტში საუბარია გაურკვეველი ”თანამემამულეების” დაცვაზე და შემცირებულია შესაძლო ბირთვული დარტყმების განხორციელების ზღვარი,”- ასე გამოეხმაურა გავლენიანი გამოცემა “The Wall Street Journal” საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის “მისტრალის” მიყიდვის საკითხს.

გამოცემა მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი არ მალავს, იმას რომ ”მისტრალი”-ს კლასის ხომალდს აამოქმედებს ნებისმიერ წერტილში, სადაც კი მოისურვებს. გარდა ამისა, ამ ხომალდებს საბრძოლო მართვის, კომუნიკაციის და დაზვერვისთვის შესანიშნავი შესაძლებლობები გააჩნიათ.

აღსანიშნავია, რომ კრემლი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთში მასშტაბურ სამხედრო ხომალდს პირველად ყიდულობს. გარდა ამისა, ეს არის რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრი ქვეყნისგან სამხედრო ტექნიკის შეძენის პირველი შემთხვევა.

უცხოური მედია ასევე მიიჩნევს, რომ მოსკოვისთვის სადესანტო ხომალდის ”მისტრალი”-ს მიყიდვა ნატო-ს წევრი ქვეყნების და ალიანსში წევრობის კანდიდატთა უსაფრთხოებას ემუქრება. “სახიფათო ფრანგულ-რუსული გარიგება შეიარაღებაზე”- ასეთი სათაურებით უძღვნიან გამოცემები “მისტრალის” თემას სტატიებს.

“და როგორია ალიანსის რეაქცია? ზანტი. გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა მისი წარმომადგენლის პირით განაცხადა, რომ ნატო რუსეთს საფრთხედ არ აღიქვამს. ბალტიის ქვეყნები და საქართველო კი სასოწარკვეთილები ითხოვენ ამ საკითხისადმი განსხვავებულ მიდგომას. ვინაიდან, რუსეთი ჯერ-ჯერობით არ არის სანდო პარტნიორი, ეს გარიგება ნატო-ს წევრი ქვეყნების და ბლოკის წევრობის კანდიდატთა უსაფრთხოებას ემუქრება,”- ნათქვამია “The Wall Street Journal” ის- სტატიაში.

ავტორიტეტული უცხოური გამოცემები მიიჩნევენ, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოდერნიზაცია განსაკუთრებით ნატო-ს უნდა აშფოთებდეს. თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, რომ თანამედროვე ფლოტის შექმნა რუსეთის მეზობლებს დააშინებს და გზას გაუხსნის რუსეთის სამხედრო ძალების პროექციას ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და ახლო-აღმოსავლეთში.

ფრანგული Le Figaro იუწყება, რომ პარიზმა ყველას შეახსენა, რომ ცივი ომი დიდი ხნის წინ დასრულდა და საჭიროა რუსეთს (საფრანგეთი მასთან ”ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების” აწყობას გეგმავს) სანდო პარტნიორივით მოვექცეთ.

Le Figaro-ს სტატიაში ნათქვამია, რომ ფრანგული სამხედრო ”მისტრალი”-ს რუსეთისთვის მიყიდვის პროექტმა ქართველების შეშფოთება გაამძაფრა.
აქვე აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმებას, რომელიც ამ ტიპის პირველი გარიგება გახდება რუსეთს და ნატო-ს წევრ სახელმწიფოს შორის, შეიძლება ხელი უკვე მარტში მოეწეროს, პარიზში რუსეთის ლიდერის ვიზიტის დროს.

რუსული გაზეთი ”კომერსანტი”-ს ინფორმაციით, მოსკოვი პარალელურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მსუბუქი ჯავშანტექნიკის შეძენაზე ფრანგულ კომპანია Panhard-თან.

ცოტა ხნის წინ, პარიზში აშშ-ს თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი იმყოფებოდა. მან ვაშინგტონის შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სადესანტო ხომალდის ”მისტრალი”-ს შეძენა მნიშვნელოვნად გაზრდის რუსეთის სამხედროების თავდასხმით პოტენციალს.

ბრიტანული ტელე-არხი BBC აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებამ, თავად საფრანგეთშიც იმატა.

„თუ ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის გრძელვადიანი შედეგები, რომელიც მას მოჰყვება“- უთხრა  BBC-ის უკრაინულ სამსახურს ფრანსუა ტომ, სორბონის უნივერსიტეტის ყოფილი საბჭოთა კავშირის ექსპერტმა.

„ცხადია, რომ ასეთი შეიარაღება რუსეთს თავისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის ინტენსიფიკაციის საშუალებას მისცემს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საფრანგეთი რუსეთს ახალი იმპერიალისტური ომებისთვის მწვანე შუქს უნთებს“, - აცხადებს სორბონის უნივერსიტეტის ექსპერტი.

წამყვანი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ანრი გლუქსმანი კი ამბობს, რომ გარიგება არა მარტო თავდასხმის, არამედ რუსეთის მხრიდან შანტაჟის რისკსაც აჩენს.

”შავი, ბალტიისა და კასპიის ზღვის ქვეყნები შფოთავენ. პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავისი პროტესტი საჯაროდ უნდა გამოსთქვან და ბრიუსელი ამ გარიგების შესაჩერებლად უნდა ჩაერიოს“,– განაცხადა მან.

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ამ პოტენციურ შესყიდვას რუსული საწარმოებიც კი ეწინააღმდეგებიან, მათი ვარაუდით, უკეთესი იქნებოდა რუსეთს ფული საკუთარ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში ჩაედო, რადგან ის დაფინანსების შიმშილს განიცდის.

BBC-ს თანახმად, ამ პოტენციური გარიგების კრიტიკოსები რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, ისეთებში როგორიცაა უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ამბობენ რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა რუსეთიდან მომავალ სამხედრო საფრთხეს და დაძაბულობას უკვე ისედაც გართულებულ ზოგ ურთიერთობაში.

ტელეკომპანიის განმარტებით, თუ საფრანგეთი ამ გარიგებას დადებს, ის გახდება ნატო-ს პირველი წევრი ქვეყანა, რომელიც მოსკოვს მიჰყიდის მაღალი კატეგორიის სამხედრო ტექნოლოგიებს.

“მისტრალის” საკითხს TIMES ONLINE-იც ეხმაურება. გამოცემა
მიუთითებს, რომ საქართველოს გაფრთხილებას, რომ ეს პირდაპირ ემუქრება მის უსაფრთხოებას, გამოხმაურება ბალტიის სახელმწიფოების მხრიდან მოჰყვა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი გასულ კვირას პარიზს არწმუნებდა ეფიქრა იმაზე, თუ როგორ გაართულებს ეს გარიგება ნატო-ს უსაფრთხოებას.

მან განაცხადა, რომ მოსკოვი დღეს ნატო-ს მტრად განიხილავს და არა მეგობრად და მისთვის ”მისტრალი”-ს მიყიდვას შეიძლება უსაფრთხოების ბალანსის დარღვევა მოჰყვეს.

210 მეტრი სიგრძის ხომალდი თავისი მასშტაბით მხოლოდ ავიამზიდებს ჩამორჩება. ის ბორტზე იტევს ორ სადესანტო კატერს, 30 ვერტმფრენს, 900 მედესანტეს, 13 ტანკს და უამრავ ჯავშანმანქანას. ამგვარად, ”მისტრალი” ძალის პროექციის მასშტაბური საშუალებაა. ხომალდი უკვე სერიოზულ შიშს იწვევს შავი და ბალტიის ზღვების მიმდებარე სახელმწიფოებში. რუსეთის ის ვერტმფრენები, რომელთა ბაზებიც ხომალდებზეა,  ზღვიდან დარტყმების განხორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უპირატესობას იძენენ. საუბარია ასევე გაძლიერებული კორპუსის მქონე ხომალდ ”მისტრალი”-ს შექმნაზე არქტიკაში მოქმედებისთვის, როდესაც იქ ბუნებრივი რესურსებისთვის ბრძოლა გამძაფრდება. “მისტრალის” ფასი
€500 მილიონს (£435 მილიონი დოლარი) შეადგენს, თუმცა ამის მიუხედავად რუსეთმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ დამატებით კიდევ 4 ასეთი ხომალდი შეიძინოს.

როგორც ჩანს რუსეთ-საფრანგეთს შორის “სანდო პარტნიორული ურთიერთობა” უკვე შედგა, ვინაიდან გუშინდელი სარკოზი-მედვედევის ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, უკვე დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთი რუსეთს კოსმოსური ხომალდების “სოიუზის” გამოყენების პროგრამისთვის 1 მილიარდ დოლარს გადაუხდის.

ახალი რუსულ-ფრანგული გარიგების შესახებ განცხადება ფრანგული კომპანიის “არიან ესპასის” ხელმძღვანელმა, ჟან-ივ ლე გალმა დღეს გააკეთა.

ოფიციალური პარიზი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციას უკვე შეუკვეთა 14 ერთეული რაკეტმზიდი ~სოიუზი~.

მოსკოვი დღეს ნატო-ს მტრად განიხილავს. თუმცა ამის მიუხედავად, საფრანგეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც მოსკოვს მაღალი კატეგორიის სამხედრო ტექნოლოგიებს მიჰყიდის.

მსოფლიო ლიდერთა უმეტესობა პროგნოზირებს, რომ ”მისტრალი”-ს მიყიდვას უსაფრთხოების ბალანსის დარღვევა მოჰყვება.

სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ რუსებმა სარკოზი არაფრად ჩააგდეს, როდესაც უარი თქვეს საფრანგეთის შუამავლობით დიმიტრი მედვედევის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე საქართველოსთან. იგივე სარკოზი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთს “სისხლიან-ოკუპაციური მიდრეკილებების” გამო მორალს უკითხავდა, ახლა თავად აიარაღებს “წითელ არმიას”.

ფაქტია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგული წარმოშობის გარუსებული “მისტრალი” საქართველოს შავი ზღვიდან მოადგება, ნიკოლა სარკოზის მათთვის სათქმელი ამჯერად უკვე ვეღარაფერი ექნება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპაციური ჯარებისთვის “ქართული უნიტაზებიც” კი სიმდიდრეს და ნადავლს წარმოადგენს, შესაძლოა სარკოზი მიიჩნევდეს, რომ საქართველოსთან კარზე მომდგარ “წითელ არმიას” მისი (მოდელისა და ახლადამღერებული) მეუღლის, -კარლა ბრუნის ფრაგული “შანსონები” შეაჩერებს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ფრანგული წარმომავლობის შეთანხმებას კი, პირობების შესრულების მოლოდინში ისტორიის მტვერი დაედო.


ლექსო ბექაური
პრაიმ-ნიუსი




ამინდი ვალუტა
 
ეკონომიკა
•  თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ტრეინინგს ატარებს
•  ტექნიკურ უნივერსიტეტში USAID-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
•  “რომპეტროლ საქართველო” 2009 წლის რჩეული ბრენდი ნავთობკომპანიაა
•  ზურაბ პოლოლიკაშვილი ბაჰრეინის სამეფოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა
•  საქართველოს ტბებზე თევზჭერის ლიცენზია 20 წლის ვადით გაიცემა
•  2009 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება
•  9 მარტს 2009 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
•  სებ-სა უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
•  ქართველ ინდმეწარმეებს თურქეთიდან საქართველოში არ უშვებენ
•  არასამთავრობო „საქართველოს ბანკს“ ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს
•  კახეთში ატმის ბაღები ხმება
•  სურსათის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის პროცედურები მარტივდება
 
 
აქტუალური თემა
CNN: ქუმარიტაშვილის ოჯახი ოლიმპიადის ჩინოვნიკების მაქინაციებს ბოლომდე ვერ გააცნობიერებს

თბილისი. 3 მარტი (პრაიმ-ნიუსი) – “ეს ოლიმპიური თამაშების ისტორიაში შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გამხდარიყო. მაგრამ ეს ვერ მოხდა –...

25 თებერვალი რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაციის დღეა

თბილისი. 25 თებერვალი (პრაიმ-ნიუსი) - საქართველოს ოკუპაციიდან 89 წელი შესრულდა. 25 თებერვალი რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაციის დღეა.

2009 - დაძაბული მშვიდობის, პროტესტის, კრიზის, H1N1 –ისა და მთლიანობაში „გადატვირთვის“ წელი!

თბილისი, 30 დეკემბერი (პრაიმ-ნიუსი) - მიუხედავად იმისა, რომ 2008-სგან განსხვავებით, 2009-ში ქართული და რუსულ-ოსური ქვემეხები დუმდნენ, საქართველოში...

საქართველოში გრიპით დაავადების ყველა შემთხვევა უკვე ე.წ. “ღორის გრიპია”

თბილისი. 4 დეკემბერი (პრაიმ-ნიუსი) – საქართველოში გრიპით დაავადების ყველა შემთხვევა უკვე ე.წ. “ღორის გრიპია”. H1N1 –მა ქვეყანაში სეზონური გრიპის...

 
Mar 2010
SuMoTuWeThFrSa
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
 
                                                       
 
    

Copyright © 1997-2007 Prime News Agency, All rights reserved

News and other data on this web site are provided for information purposes only, and are not intended for republication or redistribution. Republication or redistribution of Prime News content, including by framing or similar means, is expressly prohibited without the prior written consent of Prime News.

Rambler's Top100